top of page
Untitled.png

ღირს კი ოლიმპიადის მასპინძლობა?


1. 2018 წლის იანვარში, პრემიერი კვირკაშვილი შვეიცარიაში, ქალაქ ლოცანოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ, თომას ბახს და მისი სურვილები გააცნო. ოლიმპიური თამაშების ჩატარებისადმი მზაობა ახალი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის. ჯერ კიდევ 2002 წელს იმავე განზრახვით მიმართა ბადრი პატარკაციშვილმა ოლიმპიურ კომიტეტს და ბორჯომის კანდიდატურა დაარეგისტრირა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის. შედეგი ყველამ ვიცით. ბორჯომის ნაცვლად ოლიმპიადა სოჭში გაიმართა. დამეთანხმებით, დღევანდელი საქართველო ბევრად მდიდარია ვიდრე ის 2002 წელს იყო, თუმცა ისევ ჩნდება კითხვის ნიშნები, ვართ კი მზად თუნდაც 12 წელში ვუმასპინძლოთ ისეთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც უზარმაზარ მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს?

2. კანდიდატი კურორტი ჯერ არ არჩეულა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე დიდი შანსი სწორედ ამ 2 ადგილს აქვს. შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი კურორტი და გამოვკვეთოთ აუთსაიდერი.

3. ოლიმპიადის განმავლობაში ქვეყანა მილიონობით სტუმარს ღებულობს. მარტო სოჭმა, 2014/2015 წლის განმავლობაში 7 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, ანუ ერთმა ქალაქმა იმდენივეს უმასპინძლა, რამდენსაც ჩვენი ქვეყანა მთლიანად მასპინძლობს. შესაბამისად, ადგილი სადაც თამაშები გაიმართება უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურულად. ეს მოიცავს, აეროპორტებს, რკინიგზას, გზებს, წყალმომარაგებას, განთავსების ადგილებს და ათას წვრილმანს. ავიღოთ გუდაური. უახლოესი საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს თბილისში, 3 საათის სავალზე. ქუთაისი და ბათუმი კი კიდევ უფრო შორს. საშუალოდ 5 საათით არის დაშორებული ადგილი საერაშორისო აეროპორტებს. კურორტამდე რკინიგზა არ მიდის, რაც ძალიან დიდი მინუსია. გადის 2 ზოლიანი საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. მინიმუმ 3 პარამეტრი (რკინიგზა, გზა და აეროპორტი), რომელიც საჭიროა ტურისტისთვის მარტივად და სწრაფად მოხვდეს ადგილზე ამცირებს გუდაურის შანსებს უმასპინძლოს ოლიმპიადას. თუმცა 2030 წლამდე 12 წელია!

4. ბაკურიანი ბევრად უფრო ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. ფაქტიურად 3-ივე საერთაშორისო აეროპორტიდან თანაბარი მანძილით არის დაშორებული. არის რკინიგზაც. საავტომობილო გზა კი აქაც 2 ზოლიანი და დაბალი ხარისხისაა. თუ გუდაურის შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი რკინიგზის ხაზის მშენებლობა დასჭირდება, აქ მხოლოდ რეკონსტრუქცია/მოდერნიზება იქნება საჭირო. თუმცა რა ფასად?

5. დაახლოებითი ღირებულება რომ გამოვთვალო, ავიღოთ ქუთაისის აეროპორტამდე მისაყვანი 2.6 კილომეტრი რკინიგზის მშენებლობა. პროექტი ჯდება 4 მილიონი ლარი, ანუ კილომეტრი დაახლოებით 1.53 მილიონი. თბილისიდან ბაკურიანამდე 184 კილომეტრია, განსვავებულია რელიეფიც, შესაბამისად 1 კილომეტრის მშენებლობა/მოდერნიზება უფრო ძვირი დაჯდება. მაგრამ სიმარტივისთვის გამოვთვალოთ იგივე ფასში. გამოვიდა 283 მილიონი ლარი. ძალიან უხეში დაანგარიშებით. ამ ფასში არ შედის, არსებული სადგურების მოდერნიზება, ახლის მშენებლობა. ახალი შემადგენლობების შეძენა, რომელიც გაზრდილ მგზავრთნაკადს მოემსახურება. დაახლოებით ნახევარი მილიარდი მარტო ამ მონაკვეთის მოდერნიზებას დასჭირდება და ვეჭვობ კიდევ უფრო მეტიც. ეს მხოლოდ რკინიგზა. ასაშენებლია გზები, ოლიმპიური კომპლექსები, ოლმპიური სოფელი, სადაც ათლეტები იცხოვრებენ, მოსაწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წყალმომარაგება, ელექტროენერგია და უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება...

6. და მაინც, რა ჯდება ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება?

ყველაზე იაფი 2006 წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიადა დაჯდა. 700 მილიონი დოლარი. კორუმპირებულ რუსეთში კი რეკორდული 51 მილიარდი დოლარი!! ინფრასტრუქტურულად სუპერ კორეშიც კი 13 მილიარდი დოლარის დახარჯვა მოუწია მთავრობას. დავფიქრდეთ, გვიღირს კი ჩვენ ამხელა ფულის გაღება რამოდენიმე დღისთვის? საიდან უნდა დავხაროჯოთ ეს სახსრები? ისევ სესხის აღება მოგვიწევს? არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ქვეყნის საგარეო ვალი უკვე 16.4 მილიარდი დოლარზე მეტია ანუ მშპ-ს(მთლიანი შიდა პროდუქტი) 108,8%!

2030 წლამდე ჯერ კიდევ მთელი 12 წელია! შეიძლება ვიღაცას სასწაულების ჯერა, მაგრამ მე არა. ჩემი აზრით, გაუამრთლებელია ჰოკეის მოედნებსა და ოლიმპიურ სოფლებში მილიარდების გადახდა, ისეთ ქვეყანაში სადაც უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონეა. არაფერს ვამბობ იმაზე თუ საიდან უნდა მოიზიდოს ეს ფული სახელმწიფომ. ქვეყანა, რომლის ეკონომიკა წელიწადში 4%-ითაც ვერ იზრდება რა შანსები აქვს უმასპინძლოს ასეთი მასშტაბის ღონისძიებას? ძალიან დაბალი.

bottom of page